მუსიკა ბავშვების გარშემო

ჩემი პირველი სამსახური ნორვეგიაში საბავშვო ბაღში, პედაგოგიური ხელმძღვანელის თანამდებობა იყო. დაახლოებით ორი თვე მქონდა კონტრაქტზე ხელის მოწერიდან სამსახურის დაწყებამდე. საკმაოდ კარგად ვიცნობდი ნორვეგიული საბავშვო ბაღების სისტემას, მეთოდოლოგიას, აქტივობებს, თუმცა მაინც აქტიურად ვემზადებოდი ამ ორი თვის განმავლობაში. წავიკითხე უამრავი საბავშვო წიგნი, გავეცანი ნორვეგიული კულტურისთვის დამახასიათებელ აქტივობებს. თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა ნორვეგიული საბავშვო სიმღერები იყო. სიმღერებს ნორვეგიულ ბაღებში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. ალბათ თუ რამე ნორვეგიული საბავშვო სიმღერა არსებობდა იმ დროისთვის ჩამოვტვირთე და თითქმის შეუჩერებლად ვუსმენდი, ტექსტს და მელოდიას ვიმეორებდი.

სიმღერები ძალიან პრაქტიკულ, ბავშვებისთვის ადვილად აღსაქმელ თემებზეა აგებული. მაგალითად ხელების დაბანა, სადილისთვის მოსამზადებელი სიმღერა, რიგში ერთმანეთის დალოდება,სათამაშოების ალაგება, ჩაცმა და ა.შ. ასევე ისეთი თემები რაც ბავშვებისთვის ასაკობრივად საინტერესოა ცხოველები, ფრინველები, დინოზავრები, მეგობრები, ერთმანეთის პატივისცემა, ანბანი, ციფრები და ა.შ. დღე ძირითადად სიმღერით იწყება და სიმღერით მთავრდება.

სიმღერით აქტივობების დაწყება და დასრულება ასევე დამახასიათებელია სხვადასხვა ტიპის გასართობ თუ სპორტულ წრეებზე. მაგალითად 4 წლის ალმა ცურვაზე დადის, სანამ პედაგოგი ცურვის სავარჯიშოებს იწყებს, ბავშვებს სიმღერით ესალმება წყალში და ცურვის გაკვეთილსაც სიმღერით ასრულებს.

საბავშვო სიმღერები ბავშვიან ოჯახებშიც აქტიურად გამოიყენება. ამას ბავშვის დაბადებიდანვე უწყობენ ხელს. მაგალითად საბავშვო პოლიკლინიკები ახლად დაბადებული ბავშვებისთვის მუსიკალურ შეხვედრებს აწყობენ. მშობლები შვილებთან ერთად საბავშვო სიმღერებს ეცნობიან და ბავშვებისთვის მღერიან.

კი მაგრამ, რატომ ასეთი მაღალი დოზით სიმღერა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში? არა ერთი მეცნიერული კვლევა ადასტურებს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიმღერას ბავშვის განვითარების პროცესში. სიმღერით სწავლება საკმაოდ აღიარებული მეთოდია, რომელიც არა ერთი უნარის განვითარებას უწყობს ხელს. სიმღერა მეტყველების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, სიმღერას შემოაქვს ხალისი აქტივობებში. ხშირად სიმღერა ხდება ასევე ბავშვების აქტივობებში ჩართულობის, ინკლუზიის ერთ-ერთი საშუალება.

თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავლის იდეაც სწორედ ამ გამოცდილებით დაიბადა. ჩემი ბაღში მუშაობის პერიოდს დაემთხვა თედოს დაბადება, საკუთარმა შვილმაც დამანახა თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა განსაკუთრებით მეტყველების განვითარების პროცესში სიმღერებს. როგორ უადვილებდა თედოს სიმღერა და მელოდია სიტყვების გამოთქმას. ამ პერიოდში გავეცანი აქტიურად მუსიკალურ ბარათებად დაბეჭდილ წიგნებს, რომელსაც საბავშვო ბაღში და სახლშიც ძალიან აქტიურად ვიყენებდით. ბარათებად დაბეჭდილი წიგნები შედგება თემატური ილუსტრირებული ბარათებისგან, ბარათების ერთ მხარეს ილუსტრაციებია, ხოლო მეორე მხარეს სიმღერის ტექსტი. ასევე სიმღერები დისკის ან სპეციალური კოდის სახით მოჰყვება.

ბავშვები ირჩევენ თემატურ ბარათებს, საუბრობენ ილუსტრაციის გარშემო პედაგოგთან/მშობელთან ერთად, მღერიან სიმღერას, აკეთებენ მოძრაობებს სიმღერის ტექსტის შესაბამისად.

რაც უფრო პრაქტიკულ თემებზეა აწყობილი სიმღერები მით უფრო მარტივია ყოველდღიურ აქტივობებში მათი გამოყენება. ასევე ძალიან ეხმარება ბავშვებს მეტყველების განვითარების პროცესში.

თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი სწორედ ისეთ თემებს მოიცავს, რომელიც ბავშვებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. მაგალითად ემოციების გამოხატვა, სხეულის აღქმა, ჯანსაღი კვება, კბილების გახეხვა, ხელების დაბანა, წელიწადის დროები, ფერები, ტრანსპორტი და სხვა. იმედი მაქვს ეს საგანმანათლებლო მასალა დაეხმარება ბავშვებს ხალისით, სიმღერ-სიმღერით სწავლაში.

თამარ ლორია

2023 წ.

Scroll to Top
Tedonutsa. © 2023 All Rights Reserved.