საბავშვო ბაღთან შეგუების პროცესი ემოციურად საკმაოდ დატვირთულია, როგორც ბავშვებისთვის ასევე მშობლებისთვის. სკოლამდელი განათლების პედაგოგებისთვისაც ხშირ შემთხვევაში პროფესიული გამოწვევაა.
მე როგორც მშობელი, ძალიან განვიცდიდი როგორ უნდა დამეტოვებინა ჩემი ალმა (1,5 წ) შვიდი საათის განმავლობაში «უცხო» ადამი- ანებთან. მიუხედავად იმისა, რომ თავად კარგად ვიცნობდი ბაღის სტრუქტურას, პედაგოგების განათლებას, მაინც მეფიქრებოდა ათას წვრილმანზე.
ბაღში მუშაობისას, მაშინ როცა საბავშვო ბაღის პედაგოგის «ქუდი მეხურა თავზე», მაშინაც არც თუ ისე ადვილი იყო ამ გამოწვევასთან გამკლავება ანუ როცა ახალი ბავშვი მოდიოდა ჯგუფში.
თუმცა გარკვეული სტრატეგიები და ასევე ადრეულ ეტაპზე ბაღთან შეგუების პროცესის დაწყება, ძალიან ეხმარება როგორც ბავშვებს და მშობლებს, ასევე პედაგოგებსაც.
როგორ შევამსუბუქოდ საბავშვო ბაღთან შეგუების პროცესი?
რამდენიმე რჩევა მშობლებს.
- წაახალისეთ ბავშვის ინტერესი საბავშვო ბაღის მიმართ. ამ პროცესს რაც უფრო ადრე დაიწყებთ მით უკეთესია.
- ეზოში სეირნობისას ეცადეთ საბავშვო ბაღს ჩაუაროთ, დაანახეთ ბაღის ეზო, ბავშვები რომლებიც ეზოში თამაშობენ. პოზიტიურად დაახასიათეთ საბავშვო ბაღი.
- გამოიყენეთ ზაფხულის პერიოდი ან შაბათ-კვირა, საბავშვო ბაღის ეზოსთან შესაგუებლად. შეუთანხმეთ პერსონალს, თუ ეს აუცილებელია და ათამაშეთ ბავშვი საბავშვო ბაღის ეზოში.
- მოიძიეთ წიგნები საბავშვო ბაღზე და წაუკითხეთ თქვენს პატარას.
- ითამაშეთ საბავშვო ბაღობანა სახლში.
- ეცადეთ ზოგადად პოზიტიურად ისაუბროთ საბავშვო ბაღზე.
- წინასწარ დაუკავშირდით საბავშვო ბაღის პერსონალს და გაესაუბრეთ, გაეცანით, მიიღეთ ინფორმაცია ბაღის აქტივობების შესახებ,პედაგოგების და ზოგადად პერსონალის შესახებ.
- მოემზადეთ ბაღის პერსონალთან შესახვედრად. ჩამოწერეთ რამდენიმე პუნქტი თქვენი შვილის შესახებ, რისი გაკეთება უყვარს დღის განმავლობაში, რას თამაშობს ეზოში თუ სახლში ყოფნისას, როგორ იძინებს (განსაკუთრებით თუ ბაღში დაძინება მოუწევს) რა უხარია ყველაზე ძალიან ან რაზე შეიძლება გაღიზიანდეს, როგორ მშვიდდება თუ რამეზე გაბრაზებულია. თქვენ ყველაზე კარგადიცნობთ თქვენს შვილს და ასეთი ტიპის ინფორმაცია ძალიან დაეხმარება პედაგოგებს ბავშვთან ურთიერთობის პროცესში. ჩემი ალმა, ბაღში წასვლის პერიოდში რამდენიმე სიტყვას ქართულად ამბობდა (ნორვეგიულ ბაღში მივიდა), ის რომ პერსონალს ეს სიტ-ყვები გაეგო საკმაოდ გადამწყვეტი იყო ალმას ყოველღიურობაში, მაგალითად «წყალი მინდა“. ამიტომ ასეთი სიტყვები პერსონალს ჩამოვუწერე. პატარა ასაკის ბავშვებში ხშირია სიტყვების სპეციფიკური გამოთქმა, რომელიც მხოლოდ მშობელს ესმის. ასეთ შემ-თხვევაში აუცილებლად ჩამოუწერეთ სიტყვების მნიშვნელობა ბაღის პერსონალს.
- გაიგეთ პედაგოგების სახელები, რომლებიც თქვენი ბავშვის ჯგუფში იმუშავებენ და ეცადეთ ხშირად ახსენოთ ისინი პოზიტიურ ჭრილში სახლში.
- გაეცანით საბავშვო ბაღის მენიუს. მოამზადეთ ბავშვი საბავშვო ბაღში კვებისთვის და გააცანით ბაღის მენიუ. გააკეთეთ ოჯახში ის სადილები რომელიც ბაღის მენიუშია. ჩართეთ ბავშვი აქტიურად ამ პროცესში. ერთად წაიკითხეთ კვირის მენიუ, ერთად წადით საყიდლებზე და სადილიც ერთად მოამზადეთ.
- ბავშვის ბაღში დაწყების პირველი რამდენიმე დღე (3-5) დაუთმეთ ბაღს. ამ დროს საბავშვო ბაღის პედაგოგების და მშობლების კოორდინირებული თანამშრომლობა გადამწყვეტია.
- ნელ-ნელა გაზარდეთ ბავშვის ბაღში ყოფნის საათები.პირველივე დღეს სრული განაკვეთით სასურველია არ დატოვოთ ბავშვი ბაღში.
- გარკვეული პერიოდი თქვენც გაატარეთ ბავშვთან ერთად შეგუების პროცესში საბავშვო ბაღში. საბავშვო ბაღს როცა დატოვებთ აუცილებლად დაემშვიდობეთ ბავშვს და უთხარით რომ დაბრუნდებით წამოსაყვანად, მაგალითად სადილის შემდეგ, ან რომელიმე კონკრეტული აქტივობის შემდეგ. ბავშვთან დამშვიდობების შემდეგ დატოვეთ ბაღი. ბავშვმა სასურველია არ იგრძნოს, რომ ორ-ჭოფობთ, არ გინდათ ბავშვის ბაღში დატოვება. ბავშვს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ ბაღში ის კარგად იქნება.
რამდენიმე რჩევა ბაღის პედაგოგებს
- ეცადეთ ბაღის დაწყებამდე ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის გარემო ნაცნობი იყოს.
- შეუწყვეთ ხელი ბავშვმა და მშობელმა ბაღში დაწყებამდე ისარგებლონ საბავშვო ბაღის ეზოთი მაგალითად შაბათ–კვირას ან ზაფხულის პერიოდში.
- ბაღის დაწყებამდე გაუგზავნეთ წერილი ბავშვს(შეგიძლიათ წერილი ელექტრონული ფოსტით მშობელს გაუგზავნოთ, რომელიც ბავშვს წაუკითხავს). წერილის ადრესატი ბავშვი უნდა იყოს. მიმართეთ აუცილებლად სახელით, გაეცანით თქვენც ვინც მუშაობთ ბაღში სახელებით, მოუყევით მოკლედ დღის განმავლობაში რას აკეთებთ ბაღში, და რომ ელოდებით «ლუკას» დიდი სიხარულით. შეგიძლიათ სურათებიც დაურთოთ თქვენი პედაგოგების, ჯგუფის ბავშვების და აქტივობების. თუ ბავშვს ბაღში თავისი კარადა ან უჯრა ექნება და ის რაიმე ნიშნით მონიშნულია რომ „ლუკასია“ მაგალითად ბაჭია, მაშინ სასურველია ამ ბაჭიის სურათიც დაურთოთ წერილში და უთხრათ რომ მისი კარადა არის ასეთი ბაჭიით მონიშნული.
- განსაკუთრებით პირველ დღეებში წაახალისეთ მისი საყვარელი რბილი სათამაშო ან თოჯინა მოიყვანოს ბაღში. საწოვარა (თუ საჭიროა) ან ძილის სათამაშო.
- პირველ დღეებში ეცადეთ ერთი კონკრეტული პედაგოგი იყოს აქტიური ახალ მოსულ ბავშვთან, ხშირად არ მოხდეს პედაგოგის შენაცვლება.
- მშობლებთან აქტიურად ითანამშრომლეთ განსაკუთრებით პირველ დღეებში რათა ბაღთან შეგუების საერთო სტრატეგიაზე შეთანხმდეთ, მაგალითად ბავშვის პირველი დღეები საბავშო ბაღში ცოტა მოკლე იყოს, შეგუების პროცესში მშობელსაც მიეცეს საშუალება რაღაც პერიოდი გაატაროს ბაღში ბავშვის მიყვანის დროს, მშობელი აუცილებლად დაემშვიდობოს ბავშვს როცა ტოვებს ბაღს.
საბავშვო ბაღთან ბავშვების შეგუების პროცესის ხანგრძლივობა საკმაოდ ინდივიდუალურია. თუმცა ამ პროცესის მნიშვნელობის აღიარება, თანამშრომლობა მშობელსა და ბაღის პერსონალს შორის, ასევე დროის დათმობა და დაგეგმარება ეხმარება, როგორც ბავშვებს ასევე მშობლებს და პედაგოგებს ამ პროცესის შემსუბუქებაში.
თამარ ლორია
2024 წ.