ბავშვებზე მორგებული ქვეყანა

12 წლის წინ, როცა ნორვეგიაში მაგისტრატურაზე სასწავლებლად ჩამოვედი, პირველი რაც თვალში მომხვდა, სიცივეს და დიდთოვლობას თუ არ ჩავთვლით, იყო უამრავი ბავშვი ქუჩებში, ბიბლიოთეკებში, კაფეებში, უნივერსიტეტში, სავაჭრო ცენტრებში. სადაც გაიხედავდი ბავშვები იყვნენ. მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვები არ გეგონოთ, თვეების, ახალდაბადებულები, ბაღის ასაკის.

ალბათ ნორვეგიაში ძალიან მაღალი შობადობაა -ასე ავხსენი ამდენი ბავშვი იმ პერიოდში. თუმცა შობადობა საკმაოდ დაბალია და არც თუ ისე დიდი ხნის წინ პრემიერ მინისტრა თავისი საახალწლო მიმართვა სწორედ ამ თემას მიუძღვნა და მეტი ბავშვის გაჩენისკენ მოუწოდა საზოგადოებას.

მალევე მივხდი, რომ ფიზკური გარემო იმდენად ბავშვებზე მორგებულია, რომ უბრალოდ უადვილდებათ მშობლებს ბავშვების ეზოში გამოყვანა. ეტლით ყველანაირ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახვალ, სავაჭრო ცენტრებში ლიფტებია, საბავშვო საპირფარეშოები, კაფეებში საბავშვო სკამები და საბავშვო გასართობი სივრცეებია, უნივერისეტეტებში მიღებულია ბავშვით ლექციაზე ყოფნა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას ბავშვი ძუძუთი კვება.

ნელ-ნელა მივხვდი რომ მხოლოდ ფიზიკური გარემო კი არა, არამედ სოციალური გარემოც ბავშვებზე მორგებულია. უნივერსიტეტებში სტუდენტი დედები თავიანთ ჩვილებთან ერთად ესწრებოდნენ ლექციებს. ლექტორი ამ ფაქტს ძალიან დადებითად ხვდება და ბავშვის შიგადაშიგ ტირილზეც საკმაოდ პოზიტიური რეაქცია აქვს.

ფიზიკური და სოციალური გარემოდან ნელ-ნელა საკანონმდებლო გარემოზე თუ გადავინაცვლებთ, იქაც არაერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური კანონი მოგხვდებათ თვალში. მუშობის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში თედოც დაიბადა. დეკრეტული შვებულებაზე რომ აღარ გავაგრძელო წერა, რომელიც დედასთან ერთად მამასაც ეკუთვნის, სამსახურში დაბრუნებისას კანონით რეგულირებული ძუძუთი კვების საათები დამხვდა. ამან ხელი შემიწყო რომ თედოსთვის ძუძუთი კვება სამსახურში გასვლისთანავე არ შემეწყვიტა. დამსაქმებელს ევალება ცალკე მყუდრო ოთახი ჰქონდეს თუ დედას აქვს სურვილი სამსახურში მიიყვანოს პატარა, ან ძუძუთი კვების საათები სახლში გამოიყენოს და გვიან მივიდეს ან ადრე წამოვიდეს სამსახურიდან.

ბავშვის პირველი დღეები საბავშვო ბაღში საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია, ამაშიც ეხმარება სამსახური მშობელს. პირველი სამი დღე სამსახური გათავისუფლებს, ამ სამ დღეს ბავშვის ბაღში შეგუების პერიოდს ეძახიან. 

რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ქვეყანა თითქოს ბავშვების საჭიროებებზე იყო აწყობილი. რამდენიმე დღის წინ ჩემმა პორტუგალიელმა მეგობარმა მითხრა, რომლის მეუღლე გერმანელია და ნორვეგიაში სამი მცირეწლოვანი ბავშვით ცხოვრობენ, ერთი რამ რაც დაზუსტებით ვიცი, არის ის რომ აქ ვიცხოვრებთ მანამ სანამ ბავშვები გაიზრდებიანო, რადგან ამაზე ბავშვზე ორიენტირებული ქვეყანა სხვა არ გვეგულებაო.  

თამარ ლორია

2020წელი

Scroll to Top
Tedonutsa. © 2023 All Rights Reserved.