შარშან Take Action-მა მომმართა რუბრიკით “როგორ ვარჩევთ სკოლას ჩვენი შვილებისთვის”. აი ეს მოკლე ბლოგი გავუგზავნე.
ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი ჩემი სკოლა კერძო, თბილისის ცენტრში ყოფილიყო, მშობლებს ჯიპით მივეყვანე და მასწავლებლები ინგლისურად მომსალმებოდნენ. ცოტა რომ გავიზარდე, მივხვდი ქალაქის გარეუბნის, საჯარო სკოლის დამთავრება მომიწევდა, ჯიპითაც არავინ მიმიყვანდა და ჩვენი სკოლის კარის ქალი ქეთოც ინგლისურად ვერასოდეს მომესალმებოდა. მაშინ ოცნება ჩემს წარმოდგენაში არსებულ შვილებზე გადავიტანე. ვოცნებობდი, თუ როგორ სკოლაში ვატარებდი ჩემს შვილებს ფერად ულამაზეს შენობაში, რომელიც აუცილებლად კერძო, ქალაქის ცენტრში იქნებოდა, მე ჯიპით მივიყვანდი და მასწავლებლებიც ინგლისურად ისაუბრებდნენ.
ეს ოცნებაც ოცნებად დარჩა, რადგან ჩემი შვილები ნორვეგიაში დაიბადნენ, სადაც სკოლაში უბნის მიხედვით განაწილებენ, კერძო სკოლები არც თუ ისე პოპულარულია, მშობლებსაც ველოსიპედით ან ფეხით მიჰყავთ ბავშვები სკოლაში და მასწავლებლები მშობლიურ ენაზე ლაპარაკს ამჯობინებენ უცხო ენას. კიდე ჩემი ბავშვობის ოცნების დამსხვრევას იმანაც შეუწყო ხელი, რომ განათლების სფეროს სპეციალისტი გავხდი და ბევრი რამ ვისწავლე სკოლის შესახებ.
რა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც მშობლისთვის და თედოსთვის როგორც 6 წლის მოსწავლისთვის.
მე როგორც მშობელი, ვგრძნობ რომ პედაგოგები ბავშვებს სცემენ პატივს როგორც პიროვნებას, ეკითხებიან აზრს და მის აზრს ითვალისწინებენ, ინტერესდებიან მისი ემოციური მდგომარეობით, აძლევენ პოზიტიურ გამტკიცებას, ხელს უწყობენ მის პიროვნულ, ფსიქო სოციალურ ზრდას.
მე როგორც მშობელი ვგრძნობ, რომ პედაგოგები ბავშვებს უქმნიან სასიამოვნო, მეგობრულ გარემოს და ხელს უწყობენ/ასწავლიან ბავშვებს ერთმანეთის პატივისცემას.
მე როგორც მშობელი ვგრძნობ რომ საგნის სწავლება მიმდინარეობს თამაშის, სიმღერის, გართობის სახით.
ერთი სიტყვით პედაგოგები მაღალი კვალიფიკაციის მქონე, თანამედროვე მეთოდებით მომუშავე სპეციალისტები არიან.
როცა ამ სკოლაში გაანაწილეს თედო, პირველი რაც შევამოწმე პედაგოგების კვალიფიკაცია იყო. ნორვეგიის განათლების სამინისტროს საიტზე დევს სტატისტიკური მონაცემები სკოლაში პედაგოგების კვალიფიკაციის შესახებ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია სკოლის შეფასების.
თედოს როგორც მოსწავლეს მოსწონს კვირაში ერთხელ ტურზე სიარული ტყეში.
თედოს როგორც მოსწავლეს მოსწონს რომ შაბათ-კვირას გაკვეთილებს არ აძლევენ.
თედოს როგორც მოსწავლეს მოსწონს სკოლაში მეგობრებთან ერთად შესვენებაზე ეზოში თამაში.
თედოს უყვარს სტინა და ანეტა მასწავლებელი, რადგან სამართლიანები და კეთილები არიან.
თამარ ლორია
2021 წელი.